ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ვებ დეველოპმენტს სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ამის მიზეზი კი ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობის ყოველდღიური ზრდაა. ინტერნეტ სამყაროში ყველაფერი ვებსაიტის შექმნით იწყება, აღნიშნულ პროცესში დეველოპერი აწყობს საიტის ვიზუალურ მხარეს, ფუნქციებს, უზრუნველყოფს საიტის სწრაფ რეაგირებას, უსაფრთხოებასა და ეფექტურ მუშაობას, ამ ყველაფრის შემდგომ კი, ვებ-საიტის სახით, ვიღებთ საბოლოო პროდუქტს ჩვენს ეკრანებზე. ვებსაიტზე მუშაობის პროცესი, როგორც წესი, 2 ძირითადი ნაწილისგან შედგება: ბექ-ენდ და ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, სწორედ ამ ორი ნაწილის კომბინაციით ვიღებთ სრულყოფილ ვებ-საიტს. ფრონტ-ენდ დეველოპმენტი, HTML, CSS და JavaScript-ის გამოყენებით, მონაცემთა გრაფიკულ ინტერფეისად გარდაქმნის პროცესს ეწოდება. თუ გსურთ გაიგოთ მეტი თუ რა არის ფრონტ-ენდ დეველოპმენტი და როგორ შეიძლება გახდეთ წარმატებული ფრონტ-ენდ დეველოპერი, გაეცანით ჩვენს სტატიას სრულად.
ვინ არის ფრონტ-ენდ დეველოპერი და როგორია მისი საქმიანობა?
ყველაფერი, რასაც ვებ-საიტის მომხმარებელი ხედავს, ფრონ-ენდ დეველოპმენტის შედეგია. ფრონტ-ენდ დეველოპერები არიან ადამიანები, რომლებიც ვებსაიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისზე ზრუნავენ და ამასთან, პასუხისმგებელნი არიან კლიენტის შიდა სისტემის გამართულ მუშაობაზეც. გამომდინარე იქიდან რომ ფრონტ-ენდ დეველოპმენტის მისიაა ვებსაიტის ვიზუალური გამართულობა, ფრონტ-ენდ დეველოპერი ბექ-ენდ დეველოპერის მიერ დაწერილ კოდს გარდაქმნის გრაფიკულ ინტერფეისად, რათა გახადოს საიტი ან აპლიკაცია მომხმარებლებისთვის მაქსიმალურად ადვილად გასაგები და გამოსაყენებელი პროდუქტი.ფრონტ-ენდ დეველოპერების გარეშე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ კოდს დავინახავდით, რომელიც დეველოპერების გარდა ყველასთვის გაუგებარი იქნებოდა, ამიტომ საბოლოო პროდუქტი, რომელსაც ვხედავთ ჩვენს ფავორიტ ვებგვერდებზე სტუმრობისას, ბექ-ენდ და ფრონტ-ენდ დეველოპერების ერთობლივი მუშაობის შედეგია.
საიტებისა და აპლიკაციების ინტერფეისებზე ზრუნვა ფრონტ-ენდ დეველოპერების მუშაობის მხოლოდ ერთი ცალკეული ნაწილია; გარდა ამისა, დეველოპერი ამოწმებს, არის თუ არა აღნიშნული ვებგვერდი და აპლიკაციები სრულად მორგებული სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებზე – სმარტფონებზე, ტაბლეტებზე, ლეპტოპებზე და ა.შ. ასევე, მომხმარებლები ვებსაიტებს სხვადასხვა ბრაუზერების საშუალებით სტუმრობენ, ამიტომ ფრონტ-ენდ დეველოპერი ყოველთვის ამოწმებს, რომ საიტი ყოველგვარი შეფერხების გარეშე მუშაობს ნებისმიერ ბრაუზერში გახსნისას. იმისათვის რომ კოდური მონაცემები მომხმარებლებისთვის მარტივად აღქმადი იყოს, ფრონტ-ენდ დეველოპერები პროგრამირების სხვადასხვა ენებს იყენებენ, მათ შორის ყველაზე გავრცელებული HyperText Markup Language (HTML), Cascading Style Sheets (CSS) და JavaScript-ია.
რას აკეთებს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი?
გახსენდებათ მობაილ აპლიკაცია, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში იყენებთ? ან კომპიუტერული თამაში, რომელიც განსაკუთრებით გიყვართ? ან დესკტოპ აპლიკაცია, რომელიც ბიუჯეტის ყოველთვიურ დაგეგმვაში გეხმარებათ? თითოეულ მათგანი სწორედ პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების, ანუ Software დეველოპერების მიერაა შექმნილი.
პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები არიან ადამიანები, რომლებიც ქმნიან ნებისმიერი ტიპის პროგრამულ უზრუნველყოფას და მათი საშუალებით კრეატიულად ჭრიან არსებულ გამოწვევებს. დეველოპერების ნაწილი კონკრეტულ პროგრამებს ან აპლიკაციებს ქმნიან, ნაწილი კი ფოკუსირებულია ქსელებსა და ძირითად სისტემებზე. არსებობს პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერების 2 ტიპი: სისტემების პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები და აპლიკაციების პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები.
როგორც წესი, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი იკვლევს და აანალიზებს მომხმარებლების საჭიროებებს და ამის შემდგომ, იწყებს პროდუქტის შექმნას, ტესტირებასა და სხვადასხვა ტიპის პრობლემების გადაჭრას. მარტივად რომ წარმოიდგინოთ, აღნიშნული პროცესი შემდეგ ეტაპებად იყოფა:
- დიზაინის შემუშავება
- პროცესის ეტაპების განსაზღვრა
- სქემების შექმნა
- მოდელებისა და დიაგრამების შექმნა
- აღნიშნული მონაცემების მიწოდება დეველოპერებისთვის, რომლებიც დაწერენ შესაბამისკოდებს.
- პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერებმა ასევე უნდა გაითვალისწინონსამომავლოდ დაგეგმილი პროგრამული განახლებებიც.
როგორ გავხდეთ წარმატებული პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი?
თუ გსურთ კარიერა პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპმენტის მიმართულებით დაიწყოთ,გიზიარებთ 5 მარტივ წესს, რომლებიც დაგეხმარებათ აღნიშნული მიზნის მიღწევაში:
- დაისახეთ მიზანი – განსაზღვრეთ კონკრეტულად რისი მიღწევა გსურთ? ხმამაღლა წარმოთქვით თქვენს მიერ დასახული მიზანი და კარგად დაიმახსოვრეთ ეს მთელი ამ მოგზაურობის განმავლობაში.
- აირჩიეთ თუ რომელი პროგრამირების ენის სწავლა გსურთ; იმისათვის რომ კარგად გესმოდეთ თუ როგორ მუშაობს პროგრამირების ენები, ამისათვის პროგრამირების რამდენიმე ენის ცოდნა დაგჭირდებათ.
- ნუ შეუშინდებით კითხვების დასმას – არსებობენ გამოცდილი სპეციალისტები, რომლებიც სიამოვნებით დაგეხმარებიან და თავიანთ წვლილს შეიტანენ თქვენს განათლებასა და განვითარებაში.
- ისწავლეთ სხვა დეველოპერების მიერ დაწერილი კოდის კითხვა – ეს ნამდვილად სასარგებლო ტექნიკაა იმისათვის, რომ გახდეთ კარგი პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერი. ეწვიეთ შესაბამის ვებგვერდებს და გადახედეთ დოკუმენტაციას, წაიკითხეთ წყაროს კოდები და შეეცადეთ გაიგოთ თუ როგორ მუშაობს ეს ყველაფერი.
- პრაქტიკული გამოცდილება უმნიშვნელოვანესია – შეარჩიეთ თქვენთვის მოსახერხებელი პროგრამირების ენა და შექმენით პროექტები; თქვენ არა მხოლოდ გამოიმუშავებთ სასარგებლო უნარებს და გააუმჯობესებთ სწავლის პროცესს, არამედ შეძლებთ პოტენციური დამსაქმებელის პოვნასაც.
რას ნიშნავს HTML?
HTML (Hypertext Markup Language) არის პროგრამირების ენა, რომელიც ვებ გვერდებისა და ონლაინ აპლიკაციების შესაქმნელად გამოიყენება. HTML-ის მომხმარებლებს შეუძლიათ შექმნან სექციები და დაასტრუქტურონ ისინი ელემენტების, ატრიბუტებისა და ტეგების გამოყენებით.
წამით წარმოვიდგინოთ, რომ ვებსაიტი არის შენობების ერთობლიობა, მაშინ HTML უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც სამშენებლო ბლოკები. პროგრამირების აღნიშნული ენის საშუალებით, დეველოპერი აღწერს და აღნიშნავს შინაარსს, რომელიც მოგვიანებით სწორად აღიქმება ბრაუზერის მიერ. მაგალითად, ბლოგ პოსტის ვიზუალი HTML კოდში ჰგავს <img>-ს, ინტერნეტ ბრაუზერი კი ხვდება, რომ მომხმარებლებს უნდა აჩვენოს სურათი. HTML არის ვებ პროგრამირების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ენა, რომლის სწავლაც ახალბედა დეველოპერებს სწავლის ადრეულ ეტაპზევე შეუძლიათ, ამის შემდგეგ კი ისინი მალევე გააცნობიერებენ, რომ ცხოვრება მხოლოდ # 000000 და #FFFFFF ნამდვილად არ არის.
რა არის მარკაპი?
მარკაპი პროგრამირების ერთ-ერთი ფართოდ გავრცელებული ენაა, რომელიც დოკუმენტის საერთო ხედვის ფორმატირებისა და ცვლილებისთვის სპეციალურ ტეგებს იყენებს. მარტივად რომ ვთქვათ, მარკაპი ტექსტისთვის განკუთვნილი ინსტრუქციების ნაკრებია, იმისათვის რომ განისაზღვროს თუ როგორ უნდა იყოს ტექსტი ნაჩვენები. მარკაპი არაფრით ჰგავს პროგრამირების სინტაქსს, ის ადვილად იკითხება ადამიანების მიერ და შეიცავს სტანდარტულ სიტყვებს. მარკაპის ძალიან მარტივი და ადვილად გასაგები მაგალითია, როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლე თავის სახელმძღვანელოში ხაზს უსვამს გარკვეულ წინადადებებს, რათა მონიშნოს, რომ ხაზგასმული ტექსტი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სხვა დანარჩენი. მონიშვნის ფერი ითვლება მარკაპად. პროგრამულ უზრუნველყოფაში მარკაპის ენა ტექსტების გამიჯვნის სისტემადაა აღიარებული. მაშინ, როდესაც ტექსტი მუშავდება და ჩნდება ინტერფეისზე, მარკაპი მომხმარებლებისთვის ხილული არ არის და ის მხოლოდ ტექსტის ფორმატირებას უზრუნველყოფს.
არის თუ არა JavaScript პროგრამირების ენა?
JavaScript პროგრამირების ენაა, რომელიც მომხმარებლებს საშუალებას აძლევს დაამატონ რთული ფუნქციები ვებ გვერდებზე. პროგრამირების ეს ენა საშუალებას აძლევს დეველოპერებს შექმნან დინამიურად განახლებადი კონტენტი, ანიმაციური სურათები და აკონტროლონ საიტის მულტიმედია.
JavaScript შესაძლებელს ხდის ვებგვერდის შინაარსის ცვლილებას მომხმარებლის ქმედებებისა და არჩევანის საფუძველზე. მაგალითად, როდესაც ვებსაიტზე ვასრულებთ ტესტს და ვირჩევთ ერთ-ერთ შესაძლო პასუხს, რის შემდეგაც ჩვენ ვხედავთ სწორ პასუხსა და ჩვენს შედეგს, ეს ყველაფერი სწორედ JavaScript-ის დამსახურებაა. აღნიშნული ენის საშუალებით, ვებსაიტები უფრო მრავალფეროვანია და შესაბამისად, მომხმარებლის გამოცდილებაც უფრო საინტერესო ხდება.