ციფრულ ეპოქაში, ყოველდღიურ რეჟიმში, ჩვენ აქტიურად ვუზიარებთ უამრავ ფოტოს,
ინფორმაციულ ცხრილს, გიფებს, მიმებს, სხვადასხვა ნამუშევრებსა და სხვა ციფრულ აქტივებს
ჩვენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს. ოდესმე გიფიქრიათ, თუ ვინ შექმნა ან საიდან წარმოიშვა ეს ყველაფერი? სწორედ აქ იჩენს თავს NFT ანუ არა-ჩანაცვლებადი ტოკენები. აღნიშნული ტოკენები ისეთივე ექსკლუზიურია, როგორც სხვა ნებისმიერი ხელოვნების უნიკალური ნიმუში.
რა არის NFT?
არა-ჩანაცვლებადი ტოკენი ან უბრალოდ NFT ციფრული აქტივი ან ციფრული სერთიფიკატია,
რომელიც ნებისმიერი ნივთის ფლობის დასადასტურებლად გამოიყენება და რომელსაც აქვს
შესაბამისი ღირებულება. შეუძლებელია NFT გაიგივდეს რომელიმე სხვა აქტივთან, რადგან
თითოეული ტოკენ აქტივი თავისთავად ჩაუნაცვლებელი და უნიკალურია. საინტერესო ფაქტს კი ის წარმოადგენს, რომ ერთი და იგივე ციფრული ნამუშევრის 1000 ასლის შექმნის შემთხვევაშიც კი, თითოეული ასლი უნიკალურია და აბსოლუტურად განსხვავდება სხვა 999-ი ასლისგან, რადგან თითოეული NFT ტოკენი ატარებს მეტამონაცემებს – კონკრეტული სახის ინფორმაციას, რომელიც უნიკალურია თითოეული ტოკენისთვის.
როგორ მუშაობს NFT?
არა-ჩანაცვლებადი ტოკენი შესაძლოა განვიხილოთ როგორც ბლოკჩეინის მიერ დამოწმებული მტკიცებულება გარკვეული ნივთის საკუთრების შესახებ. NFT საკუთრება აღირიცხება ბლოკჩეინზე, რომელიც ისეთივე ფუნქციონირებით ხასიათდება როგორც მაგალითად, ელექტრონული წიგნი. რთული არითმეტიკული პრობლემების გადაჭრის საფუძველზე, კომპიუტერები ამოწმებენ ბლოკჩეინზე მომხდარ ყველა ტრანზაქციას. NFT-ის მფლობელობა შეიძლება დადასტურდეს ნებისმიერი გზით, ნებისმიერი პიროვნების მიერ, მაგრამ პირმა ან ორგანიზაციამ, რომელიც ტოკენის მფლობელია, შესაძლოა შეინარჩუნოს ანონიმურობა. თქვენ შეგიძლიათ შექმნათ NFT, რომელიც მთლიანად ციფრულია. სურათი, GIF, ვიდეო ან აუდიო ჩანაწერი – თითოეული მათგანი სრულიად მისაღები ფორმატია NFT-ისთვის. NFT ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ვირტუალურ სამყაროში რეალური ნივთების წარმოსაჩენად, როგორებიცაა ბარათები ან ფეხსაცმელი. აღნიშნული NFT-ების ფიზიკური და ციფრული ვერსიების შეძენა შესაძლებელია ცალკე ან პაკეტის სახით. ასევე შესაძლებელია NFT-ის შემქმნელმა დააგროვოს გარკვეული შემოსავალი თითოეულ ჯერზე, როდესაც აღნიშნული NFT გაიყიდება. მუდმივი შემოსავლის მიღება თითოეული გაყიდვისას კი დღესდღეობით ტრადიციული ხელოვნების ინდუსტრიაში გავრცელებული არ არის.
NFT vs კრიპტოვალუტა
დღესდღეობით კრიპტოვალუტების გამოყენება შესაძლებელია გადახდების განსახორციელებლად. ზოგიერთი ადამიანი იმასაც კი ფიქრობს, რომ კრიპტოვალუტები საბოლოოდ ჩაანაცვლებს ტრადიციულ ვალუტებს, რომლებიც თანამედროვე მსოფლიოში არსებობს.
მიუხედავად იმისა, რომ NFT დაშიფრულია, ისინი არ გამოიყენება ვალუტად. ის ფაქტი, რომ ორივე NFT და კრიპტოვალუტა ბლოკჩეინზეა დაფუძნებული, ამ ორს შორის მთავარი საერთო მახასიათებელია.
კრიპტოვალუტები ერთმანეთის მსგავსი ტოკენებია, მაგალითად, ერთი ბიტკოინი უდრის მეორეს და ისინი კომერციული ტრანზაქციებისთვის სრულიად გამოსადეგია. მეორეს მხრივ, NFT-ები სრულიად უნიკალურია და ერთი კონკრეტული NFT-ის ტოლფას მეორე NFT-ის ვერასდროს იპოვით.
რატომ აკეთებენ ადამიანები ინვესტიციებს NFT-ებში
NFT-ების სამყარო სწორედ აქ და ახლა იბადება და აშკარაა, რომ ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ჩვენ უფრო და უფრო მეტად ვხდებით დამოკიდებულნი მსგავს ტექნოლოგიებზე. სავარაუდოა, რომ NFT-ები მომავალში ვირტუალური ეკონომიკის აქტივების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კატეგორია იქნება.
NFT-ების გამეორება შეუძლებელია, რაც გამორიცხავს ხელოვნების თაღლითობის რისკებს, რომელთაგან მიღებული ზარალიც ყოველწლიურად დაახლოებით 8 მილიარდ დოლარს შეადგენს. NFT სამყაროში არ არის საჭირო ხელოვნების გამოფენებზე, გალერეებში ან ექსპონატების სანახავად სიარული ნამუშევრების გაყიდვის ან ყიდვის მიზნით, პროცესი ბევრად უფრო მარტივი და მომგებიანი ხდება როგორც მყიდველებისთვის, ასევე გამყიდველებისთვის. თანამედროვე სამყაროში, სურათები, ფინანსები და კონტაქტები სრულად ციფრულ სამყაროშია მოქცეული, რადგან ჩვენი ცხოვრებაც დღითიდღე სულ უფრო და უფრო ციფრული ხდება.
მეგი ონიანი – დიზაინერი ვებიზის გუნდიდან, რომელმაც სულ ახლახან შექმნა თავისი პირველი NFT კოლექცია
მეგი ვებიზის გუნდის ილუსტრატორი და გრაფიკული დიზაინერია, რომელიც უზომოდაა შეყვარებული ხელოვნებაზე, სულ ახლახან კი NFT-ებით დაინტერესდა.
მოვლენები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში უკრაინაში ხდება, ძალიან სენსიტიური იყო თითოეული ჩვენთაგანისთვის. ასეთი მოვლენები ყოველთვის აისახება ხელოვანი ადამიანების შემოქმედებაზე, რადგან ისინი სწორედ ასე გამოხატავენ თავიანთ განცდებს, პროტესტსა და მხარდაჭერას. ასე მოხდა მეგის შემთხვევაშიც. NFT კოლექცია უკრაინის სოლიდარობის ნიშნად შეიქმნა და მიზნად უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას ისახავდა.
აღნიშნული კოლექციის თითოეული პერსონაჟი თავიდან ბოლომდე ხელით არის დახატული, რაც თავისთავად უნიკალურობას ანიჭებს თითოეულ მათგანს. ამჟამად მეგი ახალ NFT კოლექციაზე მუშაობს ახალი თემებითა და იდეებით.
ვებიზში, ჩვენ ყოველთვის ვუჭერთ მხარს ჩვენი გუნდის წევრების ინტერესებს და აღვნიშნავთ მათ წარმატებას. გვჯერა, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინ არის და სულ მალე მეგის NFT კოლექციები პოპულარობას არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში მოიპოვებს.